Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

დამავიწყდა დამეწერა რომ საიტი თვეზე მეტია ჩართულია.შეგიძიათ ნახოთ აქ http://strate.ge/

როგორც ხედავთ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დამიმატებია ბლოგისთვის.ამას ერთი კონრეტული მიზეზი აქვს, მთელი ჩემი ენერგია ამჟამად მიამრთულია სრულფასოვანი საიტისკენ, რომელიც რათქმაუნდა ბლოგზე არსებულ თემატიკაზე იქნება დაკავშირებული !

საიტის მისამართია www.strate.ge გაიშვება დაახლოებით თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში!

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შესავალი
ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.
წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.  ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო  მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში.

I სტრატეგია
ისტორია
დასავლურ ცივილიზაციაში სიტყვა სტრატეგია ძველი საბერძნეთიდან შემოვიდა და სამხედრო ხელმძღვანელს ნიშნავს. STRATOS – არმია, ჯარი  Ago – ხელმძღვანელობა, მართვა. ანალოგიურად, სიტყვა Strategos – არჩეულ გენერალს ნიშნავდა ძველ ათენში.  ამ პერიოდისათვის სამხედრო ლიდერები თავის თავში აერთიანებდნენ როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკურ ძალაუფლებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, პოლიტიკასაც სხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა . სტრატეგიის დღევანდელი მნიშვნელობით გამოსახატავად ბერძნებს ალბათ Stratagos Sophia – გენერლის სიბრძნე უნდა ეხმარათ. დაახლოებით ამავე აზრის გამომხატველი ტერმინები, მაგალითად Strategicos – გვხვდება ბერძენ ფილოსოფოს ონისანდერთან  აგრეთვე Strategicon – მოგვიანებით “ომის სახელმძღვანელოში” გვხვდება მაურიციუსთან .  საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიასთან ასოცირებული ერთ-ერთი უძველესი ტერმინი Stratagemata – რაც ფრონტინიუსის ლათინური ნაშრომის ბერძნული სახელწოდებაა .
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გვიანდელი რომის იმპერიიდან მოყოლებული, ბერძნული სიტყვა “შტრატოს” უცნობი იყო დასავლეთისათვის. მაგალითად, შუა საუკუნეებში ომის წარმოებას “რაინდული ხელოვნება” ერქვა. მოგვიანებით რაინდობა განადგურდა და შემდგომ, მაკიაველის ეპოქაში, “რაინდული ხელოვნების” ნაცვლად “სამხედრო ხელოვნება” მკვიდრდება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის უპირატესობა რაციონალურ აზროვნებას ენიჭება და სამხედრო ხელოვნების ნაცვლად სამხედრო მეცნიერება გამოიყენება. ამავე პერიოდს უკავშირდება პირველი სამხედრო აკადემიების დაარსებაც.
ამ პერიოდისათვის იკვეთება აგრეთვე არსებითი განსხვავება სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. სიტყვა “ტაქტიკა” წყობას ნიშნავდა და განისაზღვრებოდა, როგორც ბრძოლის წარმოების პროცესი. “სტრატეგია” კი მოიცავდა ყველაფერს რაც წინ უძღოდა  ომის დაწყებას, რაც ხდებოდა ომის დროს და მის შედეგადაც.

Continue Reading »

წარმოგიდგენთ ბტ. გიორგი გოგაშვილის ნაშრომს
საქართველოს სამხედრო სტრატეგია-
კონცეპტუალური ხედვა

შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”


ავტორის შესახებ

თადარიგის გენერალი გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი, დაიბადა 1960 წელს, თბილისში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992-2004 წლებში.
1992-96 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველო¬ში (სამხედრო დაზვერვა) და სხვა ოფიცრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
1996 წლიდან აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექციის უფროსი. 2003 წელს, როგორც თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის განვითარებას. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველო – აშშ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებში, სადაც წარადგინა ქართული მხარის ხედვა საქართველოს სამხედრო სტრატეგიის შესახებ.
2004 წლიდან, გ. გოგაშვილი, როგორც ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან, მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და სემინარებში. არის მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მას მიენიჭა 2003 წელს, აშშ თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ.

საქართველოს სამხედრო სტრატეგია
კონცეპტუალური ხედვა

შესავალი

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ  ინტერესებს, შეირღებული ძალების დღევანდელ მდგომარეობას, მის მიზნებსა და ამოცნებს, ისევე როგორც ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებს, წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვა განსაზღვრავს ქვეყნის შეიარღებული ძლების ფუნქციონალური და სტრუქტურული ორგანიზების, განათლების, წვრთნისა და აღჭურვის, გამოყენების, კონტროლისა და მართვის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული დოკუმენტი, შეჯერების შემდეგ, შესაძლოა გახდეს საფუძველი სამხედრო სტრატეგიის განსავითრებლად, რაც გულისხმობს ჩამოყალიბებული პრინციპების შემდგომ სრულყოფასა და მათი გამოყენებით ეროვნული სამხედრო მიზნების დაკავშირებას არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ რესურსებთან.

ეროვნული უსაფრთხოების გარემო

•    გამომდინარე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი რეალობიდან, რუსეთის ფედერაცია მოიაზრება აგრესორად, მთავარ სამხედრო მოწინააღმდეგედ და დაბრკოლებად საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და განმტკიცების გზაზე.

•    დღეისათვის სახეზეა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა რომელიც სხვა მადესტბილიზირებელი ფაქტორების (სეპარატიზმი, ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, კრიმინალიზაცია და სხვა) თანხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა გადაიზრდოს საშუალო და სრულ მასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში;
•    რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სა და ევროპისათვის საქართველოს აძლევს შანსს გააღრმაოს თანამშრომლობა, განმტკიცოს მშვიდობა და შეამციროს შეირაღებული კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა;
•    არსებული უსაფრთხოების გარემო საქართველოს ანიჭებს შესაძლებლობას მოახდინოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და გარდაქმნას შეიარაღებული ძალები რისკის დასაშვები ლიმიტის ფარგლებში.

Continue Reading »

წარმოგიდგენთ ნაშრომს- ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები.
ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ანოტაცია

ნაშრომი ეხება სახელმწიფოს სისტემური მოდელის განხილვას. დაზუსტებულია ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისას მოიხმარება. ნაჩვენებია, რომ  როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და შესაბამისად ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება იმ ძირითადი სისტემების მიხედვით (ცხრა), რომლებიც სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემათა მეტასისტემის სტრუქტურას (მატრიცას) ქმნიან.

ავტორის შესახებ

ალექსანდრე მჭედლიშვილი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (სამხედრო დაზვერვა). 2000–2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. გაიარა სტაჟირება აშშ, თურქეთისა და რუმინეთის   უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე.  2004 წლიდან თადარიგში. ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.



ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები


სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგია ქვეყნის კონსტიტუციასთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფოს არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელ ძირითად დოკუმენტს.
კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ფორმას, მოწყობას, მართვის სისტემის აგებულებასა და იმ ძირითად ღირებულებებს, რისთვისაც მოწოდებულია იარსებოს სახელმწიფომ.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი საპროგრამო თეზისები, რომელთა ცხოვრებაში გატარება, ე.ი. მათი სხვადასხვა სფეროში პროგრამად ქცევა, უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხო არსებობასა და განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეიცავს იმგვარ დებულებებს, რომელიც პრაქტიკულად მუდმივია სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, მასში აისახება ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საჭიროა დროის მოცემულ მონაკვეთში. საკითხის მოგვარების შემდეგ კი იგი იხსნება დღის წესრიგიდან. (მაგალითად, დღეისათვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება. აღდგენის შემდეგ დარჩება მხოლოდ შენარჩუნება). ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, სახელმწიფო განვითარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, როგორც დოკუმენტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (პრინციპებს):
Continue Reading »